უსაფრთხოების ტექნიკა ქიმიურ ლაბორატორიაში |
ავტორი: ელიზბარ ელიზბარაშვილი |
ქიმიის სწავლება თეორიულ მეცადინეობასთან ერთად მოიცავს უცილობელ ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებასაც. ამიტომ ქიმიის პედაგოგი უნდა ფლობდეს უმარტივესი ქიმიური ექსპერიმენტების შესრულების ტექნიკას. ლაბორატორიაში ქიმიური რეაქტივები, ჭურჭელი, დანადგარები და მოწყობილობები კი თავის მხრივ მოითხოვს კვალიფიციურ მოპყრობას. ამიტომ, ექსპერიმენტატორი ვალდებულია ასევე ფლობდეს უსაფრთხოების ტექნიკას, ხანძარსაწინააღმდეგო წესებს, უნდა შეეძლოს უბედურების შემთხვევაში დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა.
რა უნდა ახსოვდეს ქიმიურ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს - მასწავლებელსა და მოსწავლეს:
1)ლაბორატორიაში არსებული ნივთიერებები მეტ-ნაკლებად მომწამვლელი და ცეცხლსაშიშია, ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა და წესრიგი.
2)არ უნდა დავუშვათ ნივთიერებების კანთან შეხება, ხელებით არ უნდა შევეხოთ სახესა და თვალებს, მუშაობის დროს არ უნდა მივიღოთ კვების პროდუქტები.
3)კატეგორიულად აკრძალულია მოქმედი დანადგარის უყურადღებოდ მიტოვება და ლაბორატორიაში მარტო ერთი პირის მუშაობა.
4)ყველა ჭურჭელზე, რომელშიც რეაქტივი ინახება, უნდა იყოს ზუსტი დასახელება. რეაქტივების გამოყენება უეტიკეტო ჭურჭლიდან აკრძალულია.
5)არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცდის ჩატარება ჭუჭყიან ჭურჭელში. შესაბამისად ცდის დამთავრებისთანავე ჭურჭელი უნდა გაირეცხოს. ახლად გამოყენებული ჭურჭლის გასუფთავება გაცილებით ადვილია, ვიდრე ძველის.
6)ჭურჭელთან, რომელშიც რაიმე ხსნარი დუღს ან რომელშიც რაიმე ხსნარის დამატება ხდება არ შეიძლება სახის ახლოს მიტანა; სინჯარის პირი, რომელშიც ხდება ხსნარის ან სითხის გაცხელება, არ უნდა იყოს მიმართული ვინმეს მიმართ.
7)კატეგორიულად აკრძალულია ქიმიური ნივთიერებების გემოს გასინჯვა; მათი ყნოსვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნაერთი არ არის შხამიანი ან მომწამვლელი. ამასთან არ შეიძლება პირდაპირ შესუნთქვა, არამედ საჭიროა ხელის მოძრაობით მივიტანოთ ორთქლი სასუნთქ ორგანოსთან. 8)ზოგიერთი ექსპერიმენტის ჩატარებისას უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია დამცველი სათვალით ან ორგანული მინისაგან დამზადებული სპეციალური საფარით სარგებლობა.
9)მინის ან სხვა ქიმიური ჭურჭლის გამოყენებისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
ა)სქელკედლიანი ქიმიური ჭურჭელი არ უნდა ცხელდებოდეს ღია ცეცხლზე, არამედ - წყლის ან ზეთის აბაზანაში. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს სითხის თანაბარ გაცხელებას. არათანაბარი გაცხელების დროს შესაძლებელია სითხის გაშხეფება და ჭურჭლის გაბზარვა!
ბ)დიდ ქიმიურ ჭურჭელს საჭიროა ორივე ხელი მოვკიდოთ, ამასთან ერთ-ერთი ხელი ჭიქის ძირს!
გ)მინის მილების ბასრი ნაწილები უნდა იქნეს შემლღვალი სპირტ- ან გაზქურის ალზე! მინის დეტალებზე რეზინის მილების ჩამოცმის დროს მინის გატეხვის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მათი წინასწარ წყლით დასველება, გლიცერინის ან ვაზელინის წასმა და შემაერთებელ ნაწილებზე ორივე ხელის თითების მაქსიმალურად ახლოს განლაგება
დ) სამუშაოს დაწყების წინ აუცილებელია შემოწმდეს დანადგარი, თუ რამდენად სწორად არის აწყობილი, ხოლო სარეველის გამოყენების წინ საჭიროა შემოწმდეს, მუშაობს თუ არა ის.
ე)ავტოკლავებით, შეკუმშული და გათხევადებული გაზის ბალონებით მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების ტექნიკის სპეციალური ინსტრუქციის გავლის შემდეგ.
ვ)ვაკუუმ-ექსიკატორიდან ჰაერის ამოტუმბვა შეიძლება მხოლოდ წყალჭავლიანი ტუმბოს საშუალებით. ამ დროს საჭიროა ვაკუუმ-ექსიკატორს შემოხვეული ჰქონდეს ქსოვილი.
ზ)საჭიროა უსაფრთხოების ტექნიკის სპეციალური ინსტრუქტაჟის გავლა, ვიდრე ვაკუუმზე გამოხდას შეუდგებოდეთ.
თ)ამწოვი კარადის ფანჯრები მუშაობისას არ უნდა იყოს კარადის მუშა ფართობის 1/3-ზე მეტად გახსნილი.
ი)ამწოვ კარადაში აფეთქების ან აალების შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოირთოს ვენტილაცია და დაიხუროს დროსელ-სარქველი, რათა არ მოხდეს სავენტილაციო ხაზზე ხანძრის გავრცელება.
კ)მჟავების ან ტუტეთა ხსნარების ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს გამწოვ კარადაში. ამ დროს მომუშავეს უნდა ეკეთოს დამცველი სათვალე, ხოლო ამწოვი კარადის ფანჯარა უნდა იყოს დაწეული ისე, რომ ფარავდეს მომუშავის სახეს.
ლ)ბრომთან ყოველგვარი სამუშაო ტარდება გამწოვ კარადაში. ამ დროს აუცილებელია რეზინის ხელთათმანებისა და დამცველი სათვალეს გამოყენება.
მ)მინის დიდი ბოცები, რომლებშიც კონცენტრირებული მჟავები, ტუტეები ან ამიაკია, საჭიროა იდგეს კალათებში ან ხის ჩარჩოებში. ამ ნივთიერებების გადმოსხმისას საჭიროა დამცველი სათვალეს, რეზინის ხელთათმანების, წინსაფრისა და რეზინის ჩექმების გამოყენება.
ნ)თუ ორი სითხის შერევაა საჭირო, მაშინ სითხეს, რომელსაც მეტი ხვედრითი წონა აქვს, მორევის პირობებში ასახავენ სითხეში, რომლის ხვედრითი წონა ნაკლებია, მაგალითად, კონცენტრირებული გოგირდმჟავას განზავებისას, კონცენტრირებული გოგირდმჟავას და აზოტმჟავას შერევისას და ა.შ.
ო)ნივთიერებების შერევისას, რომლის დროსაც ადგილი აქვს სითბოს გამოყოფას, საჭიროა მხოლოდ თერმომდგრადი მინის ან ფაიფურის ქიმიური ჭურჭლის გამოყენება.
პ)ნარჩენი სითხეების ჩასხმა ნიჟარაში კატეგორიულად აკრძალულია. ისინი უნდა განეიტრალდეს ან ჩაისხას სპეციალურ ჭურჭელში.
ჟ)ქლორთან, ბრომთან, გოგირდის ან აზოტის ოქსიდებთან, გოგირდწყალბადთან და სხვა მომწამლავ ნივთიერებებთან მუშაობა აუცილებლად უნდა წარმოებდეს ამწოვ კარადაში.
რ)ეთერის გაცხელება, გამოხდა, აორთქლება მიმდინარეობს წყლის აბაზანის საშუალებით. გამოხდისას უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად გრძელი მაცივრების, ხოლო მიმღები უნდა მოთავსდეს ღია ცეცხლისაგან მოშორებით. რამდენიმეჯერ გამოყენებული ეთერთან მუშაობის წინ, აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მას მოშორდეს პეროქსიდები, მაგალითად, რკინის სულფატთან შენჯღრევით. არ შეიძლება გამოსახდელი კოლბიდან ეთერის გამოხდა სიმშრალემდე (ბოლომდე) და გამოხდილი ეთერის დიდი რაოდენობით შეგროვება ერთ მიმღებში (არა უმეტეს 300-400 მლ). ეთერის შენახვა (განსაკუთრებით აბსოლუტური ეთერის), შეიძლება მხოლოდ სქელკედლიან, უმჯობესია მუქი ფერის ჭურჭელში, რომელიც დაცობილია საცობით კალციუმის ქლორიდიანი მილით.
ს)მეტალურ ნატრიუმთან მუშაობისას აუცილებელია აბსოლუტურად მშრალი ჭურჭლის გამოყენება. არ შეიძლება ნატრიუმთან მუშაობა წყლის სიახლოვეს (შეიძლება მოხდეს აფეთქება). სამუშაოს დამთავრების შემდეგ აუცილებელია შეგროვდეს რეაქციაში შეუსვლელი ნატრიუმის ნარჩენები ნავთიან ჭურჭელში. ნატრიუმის ნარჩენები კი გაიხსნას სპირტში.
10)ლაბორატორიაში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები - ქვიშის ყუთები და ცეცხლმაქრობები. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა ყველა გამახურებლის გამორთვა, მოშორებულ უნდა იქნას ცეცხლის კერასთან ახლოს მდებარე აალებადი ნივთიერებები, ხოლო შემდეგ მოხდეს ცეცხლის ჩაქრობა ცეცხლსაქრობით, სილით ან ხანძარსაწინააღმდეგო საბნით. ცეცხლზე წყლის დასხმა არ არის მიზანშეწონილი, რადგან უმეტეს შემთხვევებში ეს იწვევს ხანძრის კერის გაფართოებას.
უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაუცველობამ შეიძლება ადვილად მიგვიყვანოს უბედურ შემთხვევებამდე. ასევე ლაბორატორიული ინციდენტი შეიძლება სულ უბრალო შემთხვევითობამ ან გაუფრთხილებლობამ გამოიწვიოს. ამიტომ პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევაც უნდა შეეძლოს ქიმიის მასწავლებელს:
1)I ხარისხის თერმული დამწვრობის (სიწითლე, უმნიშვნელო შეწითლება) დროს საჭიროა დამწვარი ადგილის სპირტით გაწმენდა. II და III ხარისხის დამწვრობისას - სტერილური სახვევით ან სუფთა ტილოთი შეხვევა.
2)კიდურების დამწვრობისას საჭიროა მათი განთავისუფლება მჭიდრო ტანსაცმლისაგან, რადგან შესაძლებელია გასივება.
3)ტუტით ან მჟავით კანის დამწვრობის დროს საჭიროა წყლის ნაკადით დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში ჩარეცხვა, ხოლო ძლიერი დამწვრობის შემთხვევაში ჩარეცხვა ხდება 1.5-2 საათის განმავლობაში (წყალი არ უნდა იყოს ცივი). ჩატარებული პროცედურის შემდეგ დაზარალებულს ისევე ექცევიან, როგორც თერმული დამწვრობის შემთხვევაში.
4)ბრომით დამწვრობისას ადებენ სპირტის საფენს ხანგრძლივი დროით.
5)ტუტის ან მჟავის წვეთების თვალში მოხვედრისას, თვალს დიდი ხნის განმავლობაში იბანენ ოთახის ტემპერატურის წყლის დიდი რაოდენობით.
6)ფენოლით დამწვრობის შემთხვევაში დაზიანებული ადგილი საჭიროა დამუშავდეს სამედიცინო ეთილის სპირტით.
7)ნაჭრილობევ ადგილებს იოდის სპირტის 5%-იანი ხსნარით ამუშავებენ და ადებენ სტერილურ საფენს.
გარდა ამისა ექსპერიმენტატორს ყოველთვის უნდა ახსოვდეს:
1.ექსპერიმენტის დაწყებამდის აუცილებლად წაიკითხოს მეთოდიკა გულდასმით. ეს საშუალებას მისცემს სწორად დაგეგმოს ცდა და თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი გართულებები.
2.არ ჩააგდოს ასანთის ღერი, ლაკმუსის ქაღალდი ან სხვა უხსნადი ნაერთები ნიჟარაში. მყარი ნარჩენები უნდა შეგროვდეს სპეციალურ მათთვის გამოყოფილ ურნაში.
3.საჭირო რეაქტივები ჩამოასხას ადგილზე ჭიქებში ან მენზურებში და რეაქტივების ბოთლები დატოვოს თაროებზე ან გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ დააბრუნოს პირვანდელ ადგილზე.
4.ბოთლიდან რეაქტივის ამოღებისას ეტიკეტზე წარწერა წაიკითხოს ორჯერ.
5.ეცადოს, არ იმუშაოს ნივთიერებების დიდ რაოდენობებთან. კარგი ექსპერიმენტატორი 1-3 მლ-ზე დიდი რაოდენობით არ იყენებს ნივთიერებას.
6.არასოდეს დააბრუნოს ბოთლში გამოუყენებელი ნივთიერება. ამიტომ ყოველთვის ჩამოასხას მხოლოდ ექსპერიმენტისათვის საჭირო რაოდენობა.
7.ეცადოს, ბოთლის საცობი არ დადოთ ძირს (მაგიდაზე).
8.არ გააცხელოს სქელკედლიანი მინის ჭურჭელი ან მენზურები, მზომი კოლბები ცეცხლის ალზე.
9.ეცადოს, ფეხზე არ ჩაიცვას სანდლები ან სხვა ღია ფეხსაცმელი. ლაბორატორიაში ხშირია იატაკზე მინის ნატეხების მიმობნევა.
10.ეცადოს, ეცვას ბამბის ტანსაცმელი ან ხალათი. სინთეზური ბოჭკოს ტანსაცმელი ტემპერატურაზე ადვილად ლღვება და იწვის.
11.მინის ჭურჭელი გამოყენების წინ გულდასმით დაათვალიეროს, რომ არ ჰქონდეს ბზარები. გაბზარული მინის ჭურჭელი გაცხელებისას ან ვაკუუმის ქვეშ ადვილად ტყდება.
არ მინდა დაგვრჩეს იმსის განცდა, რომ ლაბორატორიაში მუშაობა ერთი შეხედვით წარმოადგენს მზა რეცეპტურის ან წინასწარ დაგეგმილი ოპერაციების სკურპულოზურ შესრულებას. რეალურად ექსპერიმენტატორის საქმიანობა შემოქმედებით, ხშირად კი ინოვაციურ გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. მიუხედავად ცდის ჩატარების წინასწარ გაწერილი მეთოდიკისა, კარგ ექსპერიმენტატორს ყოველთვის შეუძლია გარკვეული კორექტივების შეტანა, რაც მას ექსპერიმენტის ჩატარებას გაუადვილებს ან მის ხელთ არსებული საშუალებების პირობებში შესაძლებელს გახდის.
|
Страницы
- მთავარი
- / CV/
- პროფესიული ზდრა და თვითშეფასება
- გაკვეთილის გეგმები
- თემატური გეგმები
- შეფასების რუბრიკები
- მოსწავლეთა ნაშრომები
- პრეზენტაციები
- ფოტოგალერეა
- საგამოცდო ტესტები
- სასარგებლოა იცოდეთ...
- პირველადი დახმარების ღონისძიებები
- ვირტუალური თამაში
- 94-ე საჯარო სკოლის საბ.მეცნიერებების კათედრა
- ჩემი შექმნილი რესურსი
- სასწავლო ვიდეოები
- ეს საინტერესოა
воскресенье, 23 февраля 2014 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий