среда, 26 февраля 2014 г.

რეკომენდაციები სიზარმაცის საწინააღმდეგოდ

ავტორი: თამარ კაციტაძე
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ზარმაცობს ან საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება არ სურს? როგორ გავუღვივოთ სწავლის სურვილი? რა მიზეზები მოჰყავთ ბავშვებს საკუთარი სიზარმაცის გასამართლებლად და რამდენად ყურადსაღებია მათი არგუმენტები? ეს აინტერესებს ყველას, ვისაც შინ თუნდაც ერთი სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს.

„როგორია შენი დამოკიდებულება სწავლის მიმართ და როგორი განწყობით ასრულებ საშინაო დავალებებს?" - ამ კითხვებს მოწაფეები სხვადასხვანაირად პასუხობენ, თუმცა თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ თუ დავალება საინტერესოდაა ფორმულირებული, უფრო ბეჯითად და ინტერესით ასრულებენ მას.
მოზარდის სწავლით დაინტერესება, გარეგანი ფაქტორებით (უმაღლესში ჩაბარებით, კარიერული წინსვლით, სოციალური აღიარებით და ა.შ.) მისი მოტივირება დღეს გაცილებით ძნელია, ვიდრე წინათ. უამრავი კერძო და ფასიანი სასწავლებელი, სადაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეიძლება მოხვედრა, ბიზნესუნარებზე დაფუძნებული კარიერული წინსვლა, რომელიც განსაკუთრებულ ინტელექტუალურ კაპიტალს არ მოითხოვს, მოზარდში უამრავ კითხვას ბადებს. მშობლებსა და მასწავლებლებსაც მეტი სიფრთხილით მართებთ ამ კითხვებზე პასუხების დაძებნა და სწორი მოტივაციის შექმნაზე ზრუნვა.
მოსწავლის სასწავლო აქტივობები მისი შინაგანი მოტივაციით უნდა იყოს განპირობებული. ასეთ დროს მოსწავლისთვის თავად აქტივობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო. ამიტომ ნებისმიერი მიზნისკენ სვლა პატარ-პატარა ნაბიჯების წარმატებით დაძლევას გულისხმობს.
იმისთვის, რომ მოსწავლე ზარმაც, უმოტივაციო, ჩამორჩენილ და აპათიურ პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს, საჭიროა სასწავლო-შემეცნებითი პროცესის სწორად დაგეგმვა.
რჩევები, რომლებსაც ფსიქოლოგთა და მკვლევართა რეკომენდაციებზე დაყრდნობით „ავერსის" სპეციალისტები იძლევიან, მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვისაც:

1. გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალების შესრულებას, რომელიც მის ძალებს აღემატება. ამით თავიდან აიცილებთ ფსიქოემოციურ დარღვევებს, არასრულფასოვნების კომპლექსს, გადაღლას.
2. სწორად დაგეგმეთ დღის რეჟიმი. სასურველია, ცხრილი სკოლაში იმგვარად შედგეს, რომ ესთეტიკური ბლოკის საგნები ენაცვლებოდეს რთულს. საშინაო დავალებების შესრულებამდე ბავშვმა უნდა მოახერხოს განტვირთვა. მიზანშეწონილია დავალებების დასრულება დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
3. მოერიდეთ შანტაჟს, თუ არ გინდათ, მოგვიანებით თავად გახდეთ მისი მსხვერპლი. მხოლოდ ჯილდოსთვის ან სასჯელის თავიდან ასაცილებლად შესრულებული დავალება ფორმალური და არაფრის მომცემია.
4. მიიღეთ მონაწილეობა დავალების შესრულებაში, ოღონდ არა როგორც მოკარნახემ ან დამკვირვებელმა, არამედ ისე, თითქოს თავად გაინტერესებთ შედეგი. მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი მოტივია მოზარდისთვის.
5. თუ ბავშვი ბევრ დროს უთმობს სხვადასხვა გასართობს (კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი თუ ჰობი), დაჰპირდით, რომ ამ ყველაფრისთვის დრო დავალებების შესრულების შემდეგ გამოინახება.
6. იზრუნეთ მოსწავლის იმუნიტეტსა და სწორ ფიზიკურ განვითარებაზე. სპორტი, გაკაჟება, ვიტამინების კომპლექსი ის აუცილებელი ფაქტორებია, რაც მოზარდის ჰარმონიულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.
7. მიზნებისა და მისაღწევი შედეგების სწორ ფორმულირებას არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. „კლასში საუკეთესო უნდა იყო!" „ათიანის გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო!" და ამგვარი მოთხოვნები დამთრგუნველი და მატრავმირებელი უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი. საზოგადოდ, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნიშანი სწავლისა და ცოდნის შეფასების ერთადერთ ფაქტორად ვერ ჩაითვლება. სხვათა შორის, დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერდა სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნას: „ციფრული შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას", - აღნიშნავს ის თავის ნაშრომებში განათლების ფსიქოლოგიის შესახებ.
8. გახსოვდეთ, სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, უპირველესად, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს. თუ ახალი აქტივობის მიმართ ბავშვებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება.
9. სასჯელსა და მატერიალურ ჯილდოზე ორიენტირება, როგორც ითქვა, არცთუ ეფექტურია. სამაგიეროდ, ქცევის განმტკიცება მიიჩნევა პრიორიტეტულ ფაქტორად. განმამტკიცებელი სტიმული ცვლის სასურველი ან არასასურველი ქცევის სიხშირეს. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები ხშირად სწავლობენ და ამჟღავნებენ ახალ ქცევას იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს მათთვის სასურველი შედეგი მოაქვს.
განმამტკიცებელ სტიმულებად მიიჩნევა:
1. სოციალური განმამტკიცებელი სტიმულები – ქება, ღიმილი და ყურადღება;
2. ქცევითი განმამტკიცებელი სტიმულები – თამაშები და სხვა სახალისო ერთობლივი მოქმედებები;
3. სიმბოლური განმამტკიცებელი სტიმულები – ნიშნები. სერტიფიკატები, დიპლომები...
და კიდევ ერთი რჩევა: დიმიტრი უზნაძის დასკვნით, „აღზრდის ძირითადი ტრაგედიაა" უფსკრული აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებათა შორის. „აღმზრდელი, თუმც კი თვლის, რომ აღსაზრდელის მომავალი კეთილდღეობით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში არ აქცევს ყურადღებას აღსაზრდელის სურვილებს, არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით. ის, რაც, აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისათვის ხშირად წვალებად იქცევა", – წერს უზნაძე და, ვფიქრობთ, ეს მშობლებმაც და მასწავლებლებმაც უნდა გაითვალისწინონ.

Комментариев нет:

Отправить комментарий