четверг, 27 февраля 2014 г.

სამეცნიერო სტატიის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
ავტორი: რუსუდან თედორაძე
ბიოლოგიის სწავლების პროცესი მოსწავლეთა დაინტერესებისა და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული თემატიკის განხილვის დროს ბიოლოგიისა და მედიცინის უახლესი მიღწევების გაცნობა საშუალებას გვაძლევს, გავუღვივოთ მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა და ჩავითრიოთ ისინი სასწავლო პროცესში. ამ მიზნით ეფექტურად შეიძლება სამეცნიერო სტატიებისა და საგაზეთო პუბლიკაციების გამოყენება (იხ. mastsavlebeli. ge/?action=page&p_id=7&npid=1&id=223 ). გთავაზობთ მედიცინის უახლესი მიღწევების მომოხილვას, რომლის გამოყენება შეიძლება ანატომიის სწავლების დროს.




ადამიანის სქესი და აუტოიმუნური დაავადებები

ორგანიზმის აუტოალერგიული აგრესიით გამოწვეული დაავადებები მედიკოსებისთვის კოლოსალურ პრობლემას წარმოადგენს. ყველა ეს დაავადება ვითარდება ერთი საერთო პრინციპით: ორგანიზმში, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელი მიზეზით, წარმოიშობა ანტისხეულები და იმუნური უჯრედები, რომლებიც საკუთარი ორგანიზმის ქსოვილების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამ დაავადებებს (პათოლოგიებს) შორის ხშირად გვხვდება კოლაგენოზები - დაავადებები, რომლებსაც შემაერთებელი ქსოვილების დიფუზიური აუტოიმუნური დაზიანება ახლავს თან. მათ რიცხვს მიეკუთვნება რევმატიზმი, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური დერმატომიოზიტი, კვანძოვანი პერიარტერიიტი და სხვა. ყველა ამ დაავადებას ახასიათებს ხანგრძლივი ქრონიკული მიმდინარეობა, გამწვავებისა და რემისიის პერიოდების ურთიერთმონაცვლეობა და სისხლის პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილება.

შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნური დიფუზიური დაავადებაა სისტემური წითელი მგლურა, რომლის დროსაც ავადმყოფის სისხლში გროვდება ანტისხეულები, რომლებიც შლიან საკუთარი უჯრედების დნმ-ს მოლეკულებს. ამის შედეგად ზიანდება სისხლძარღვები, გული, თირკმელები, კანი და სხვა ორგანოები და ქსოვილები. დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე და ზოგადი ინტოქსიკაცია. დაავადება სერიოზულად მიიჩნევა და არასათანადო, დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.

ასევე სისტემური ქრონიკული დაავადებაა რევმატოიდული ართრიტი, რომელიც უპირატესად სახსრების შემაერთებელ ქსოვილს აზიანებს და მასში ანთებით პროცესებს იწვევს. ამ დაავადებას თან ახლავს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, სასახსრე ქსოვილის თანდათანობითი დაშლა და სახსრის ფოსოს შეზრდა, რასაც სახსრის ფუნქციის სრული დაკარგვა მოჰყვება. რევმატოიდული ართრიტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა (დაავადებულია მოსახლეობის 1% (J. Clin. Invest. 118: (11) 3537–3545 (2008)) და საბოლოოდ ინვალიდობას განაპირობებს. მიუხედავად თანამედროვე თერაპიული სქემებით მკურნალობისა, ავადმყოფებისთვის საჭირო ხდება ხელოვნური სახსრის გადანერგვა.

სისტემური წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი ქალებში მამაკაცებზე თითქმის 10-ჯერ ხშირად გვხდება. რატომ - მედიკოსებისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ამის მიზეზი ქალის სასქესო ჰორმონების სპეციფიკური მოქმედება იყო, მაგრამ მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტითა და კვლევით ეს მოსაზრება არ დადასტურდა. შემდეგ წარმოიშვა ჰიპოთეზა, რომ ამ დაავადების განვითარებაში შესაძლოა ბრალი მიუძღვოდეს გენეტიკური ფაქტორების რეგულაციის დარღვევას. ჰიპოთეზა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომელთა მშობლებსაც ეს დაავადებები ჰქონდათ, სამჯერ მეტად ავადდებიან აუტოიმუნური დაავადებებით.

დაავადების მემკვიდრეობითობის (კერძოდ, სასქესო X-ქრომოსომის როლის) დასადგენად ამერიკელმა და დანიელმა მეცნიერებმა (ჯგუფის ხელმძღვანელი - Emily C Somers) რთულ გამოკვლევათა ციკლი ჩაატარეს. ოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში (1977-2010 წ.წ.) გამოკვლეულ იქნა სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები 3,5 მილიონზე მეტი ტრიადა - დედა, მამა, შვილი. გამოვლენილ იქნა 1000 -ზე მეტი სისტემური წითელი მგლურით და 9000-ზე მეტი რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ადამიანი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ როდესაც დედას ან მამას რომელიმე ეს დაავადება ჰქონდათ, მისი წარმოშობის ალბათობა ქალებსა და მამაკაცებთან თანაბარი იყო. კვლევის შედეგების მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სისტემური წითელი მგლურასა და რევმატოიდული ართრიტით დაავადების რისკი სასქესო X ქრომოსომას არ უკავშირდება და მისი მიზეზები კომპლექსურად არის საკვლევი.

ახალი შესაძლებლობა მწვავე ლეიკოზის სამკურნალოდ

ჰემატოლოგიის თანამედროვე მიღწევების მიუხედავად, ადამიანის ონკოლოგიურ დაავადებათაგან სისხლის დაავადება (ლეიკოზი და ლეიკემია) მაინც ძალზე სერიოზულ პრობლემად რჩება. ეს, უპირველესად, იმით არის განპირობებული, რომ სიმსივნური უჯრედების ფორმირება ხდება არა მარტო ძვლის ტვინის ატიპურ (მოუმწიფებელ), არამედ სისხლის უჯრედებშიც, ამიტომ ლეიკოზთან ბრძოლა ძალზე ძნელია და დიდია რეციდივის ალბათობაც. ლეიკოზის ყველა მწვავე ფორმა მოითხოვს უსწრაფეს დიაგნოსტირებას და თანამედროვე მკურნალობას (ქიმიო-, სხივურ, ჰორმონულ თერაპიას და სხვა), რომლის მიზანია სიმსივნური უჯრედების სწრაფად მოშორება და შემდეგ - ზურგის ტვინის ტრანსპლანტაცია, ამიტომ ჰემატოლოგების წინაშე დგას რთული ამოცანა, შეიმუშაონ თერაპიის ისეთი კურსი, რომელიც მაღალეფექტური და ნაკლებად ტოქსიკური იქნება.

სიმსივნურ უჯრედებს ხშირად ახასიათებს ქიმიოთერაპიისადმი მდგრადობა და ექიმები იძულებულები არიან, შეცვალონ მკურნალობის სქემა, ეს კი აკარგვინებთ მკურნალობის დასაწყებად ოპტიმალურ დროს. ე. ი. საჭიროა ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ექნება უნივერსალური მოქმედება ლეიკოზის თუნდაც რომელიმე ტიპის მიმართ. არცთუ დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ მწვავე მიელობლასტური ლეიკოზის უჯრედებს შლის მალარიის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, მეფლოქინი (Mefloquine)). ამ პრეპარატების მოქმედების მექანიზმი ემყარება უჯრედებში ლიზოსომების დესტრუქციის პროვოცირებას, რის შედეგადაც ფერმენტები აქტიურდება, მალარიის პლაზმოდიუმის კაფსულა იშლება და გამომწვევი კვდება.

იმისთვის, რომ დაედგინათ პრეპარატის ზემოქმედებით ლეიკოზიან უჯრედებში ლიზოსომების დაშლის ზუსტი მექანიზმი, კანადელ, ფრანგ, იტალიელ და ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა (ჯგუფის ხელმძღვანელი - Mahadeo A. Sukhai) ფართო სპექტრის გამოკვლევები ჩაატარა. მეცნიერები იკვლევდნენ პაციენტის სისხლისა და ძვლის ტვინის უჯრედებს. ამასთანავე , შესასწავლი მედიკამენტების დეტალური ანალიზისთვის ხდებოდა ლაბორატორიულ ცხოველებში დაავადების მოდელირება. კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პრეპარატები: იწვევს ლიზოსომების დესტრუქციას; ასტიმულირებს არა მარტო ლეიკოზური, არამედ მათი წინამორბედი უჯრედების დაშლასაც; რაც მთავარია, არ აზიანებს ჯანმრთელ სისხლმბად უჯრედებს.

მეცნიერები ამ ფაქტს ასე ხსნიან: მიელოლეიკოზის უჯრედები, სისხლის ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით, შეიცავს უფრო მეტ ლიზოსომას, თანაც მათი ზომა (მოცულობა) მკვეთრადაა მომატებული, რაც საშუალებას აძლევს პრეპარატს, ადვილად შეაღწიოს ლიზოსომის მემბრანაში და პროვოცირება გაუწიოს ფერმენტების ციტოპლაზმაში „გადასვლას". ციტოპლაზმაში კი ფერმენტების დიდი რაოდენობით კონცენტრირება იწვევს ორგანელების დაზიანებას და საბოლოოდ - ლეიკოზური უჯრედების სიკვდილს. აქედან გამომდინარე, იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არღვევს ლიზოსომების სტრუქტურას, მიზანშეწონილია მწვავე მიელოლეიკოზის დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი საგრძნობლად ამცირებს რეციდივის შესაძლებლობას. ეს მიმართულება ჰემატოლოგიაში ახალ პერსპექტივას სახავს და საშუალებას აძლევს მედიკოსებს, გაუმჯობესონ ლეიკოზების თერაპია.


გამოყენებული წყაროები:
N. Engl. J. Med. 365; 2205-2219 (2011)
N. Engl. J. Med. 366; 1152-1153 (2012)
Ann. Rheum. Dis. 72; 525-529 (2013)
J. Clin. Invest. 123: (1) 315–328 (2013)

среда, 26 февраля 2014 г.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები/ინფექციები (სგგდ, სგგი) ის ინფექციური დაავადებებია, რომლებიც უხშირესად სქესობრივი გზით გადაეცემიან. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იყოფა ჯგუფებად:
  1. კლასიკური ვენერიული დაავადებები (სიფილისი (იგივე ათაშანგი, ანუ ლუესი), გონორეა (იგივე ტრიპერი), რბილი შანკრი);
  2. ახალი ვენერიული დაავადებები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალური ჰერპესი, მახვილწვერიანი კონდილომები);
  3. სხვა დაავადებები, რომელთა გადაცემის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სქესობრივი (მუნი, გენიტალური კონტაგიოზური მოლუსკი, აივ, ბოქვენის ტილი (ტკიპა), B ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსი, ლამბლიოზი, ამებიაზი);
  4. პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც შეიძლება სქესობრივი გზით გავრცელდეს (ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, გარდნელა, კანდიდა).
აღნიშნული დაავადებების გავრცელებისათვის აუცილებელია კანისა და ლორწოვანი ზედაპირების მჭიდრო კონტაქტი. ისინი ვრცელდება როგორც კლასიკური, ასევე ორალური ანალური სქესობრივი აქტის დროს, ზოგჯერ კი უბრალო შეხებითაც. ზოგი მათგანი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონტაქტითაც გავრცელდეს, მაგალითად: სიფილისი, მუნი, ფტირიაზი (ბოქვენის ტილი). ხოლო აივ და B ჰეპატიტი ვრცელდება სისხლითაც.
სგგდ-ების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თითოეული ინფექციისათვის ინდივიდუალურია, ამიტომ ქვემოთ განვიხილავ რამდენიმე მეტად გავრცელებულ დაავადებას.

გონორეა (ტრიპერი)

გამომწვევია გონოკოკი, რომელსაც შარდსადენის, საშოს, სწორი ნაწლავის და იშვიათ შემთხვევებში თვალებისა და ყელის ლორწოვანის დაზიანება შეუძლია. დაავადების წყარო ავადმყოფი ადამიანია, გადაცემის გზა სქესობრივი, თუმცა თეორიულად შესაძლებელია საყოფაცხოვრებო კონტაქტით დასნებოვნებას. ინფიცირდებიან ახალშობილებიც, რომელთა დედას აქვს გონორეა, სწორედ ამ შემთხვევაში ზიანდება ხოლმე თვალის ლორწოვანი.
გონორეა შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ, ან ქრონიკულად. ქრონიკული პროცესი შეიძლება მწვავეს მოსდევდეს ან დამოუკიდებლად განვითარდეს. მწვავე მიმდინარეობა მამაკაცებში უფროა დამახასიათებელი, ქრონიკული_ქალებში, ასეთი ფორმა მინიმალური გამოვლინებებით მიმდინარეობს, შეიძლება საერთოდაც შეუმჩნევლად.
გონორეა მამაკაცებში:
  • ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი შარდსადენიდან;
  • დისკომფორტი, წვა და ტკივილი როგორც შარდვისას, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით
  • სასქესო ასოზე ეროზიები.
გონორეა ქალებში:
  • ჩირქოვანი გამონადენი საშოდან;
  • შიგნითა და გარეთა სასქესო ორგანოების ტკივილი და ქავილი;
  • საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების დაზიანებისას ვლინდება საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები (სისუსტე, მაღალი ტემპერატურა და ა.შ.)
გონორეა რთულდება შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ანთებითი დაავადებებით, ქალებში უშვილობით.
დიაგნოზის დასმა ჩივილებისა და ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ხდება.
მკურნალობა_ანტიბიოტიკოთერაპიით.

სიფილისი (ლუესი, ათაშანგი)

სიფილისის გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა.
მკრთალი ტრეპონემა
გადაცემის გზები სქესობრივის გარდა შეიძლება იყოს: ტრანსპლაცენტური (ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე), სისხლით, საყოფაცხოვრებო კონტაქტი და ძუძუთი კვება. დასაავადებლად საკმარისია მინიმუმ 2 მკრთალი ტრეპონემის მოხვედრა კანის ან ლორწოვანის მიკრონახეთქიდან. რამდენიმე დღეში,  შეჭრის ადგილზე, ჩნდება მაგარი შანკრი _უმტკივნეულო წყლული. მაგარი შანკრი თავისით ქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ უმკურნალებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ავადმყოფი განიკურნა. ამ პერიოდს პირველადი სიფილისი ჰქვია.
რამდენიმე დღეში ან კვირაში დიდდება ლიმფური კვანძები, ადგილობრივი გამოვლინებები გამქრალია, გამომწვევი სისხხლის ნაკადით ვრცელდება ორგანიზმში და სხვადასხვა ქსოვილებს აზიანებს, ჩნდება ანთებითი კერები, გამონაყარი. ამას მეორეული სიფილისი ჰქვია.
მეორეული პერიოდის შემდეგ ფარული სიფილისის ხანა დგება, შემდეგ მეორეული რეციდიული სიფილისი, რომელიც მოგვიანებით ფარულში ან მესამეულ სიფილისში გადადის_ზიანდება შინაგანი ორგანოები, ვითარდება ქსოვილების სპეციფიური ანთებები, შემდეგ ეს უბნები იშლება, ჩნდება გუმები.
სიფილისის ადრეული გართულებები:
  • პენისის განგრენა;
  • ადრეული ნეიროსიფილისი;
  • შინაგანი ორგანოების სიფილისური დაზიანება;
  • ფიმოზი, პარაფიმოზი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი_მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა სიფილისური ანთება.
სიფილისის მოგვიანებითი გართულებები:
  • აორტის ანევრიზმა;
  • პნევმოსკლეროზი_ფილტვის ქსოვილის სკლეროზული დაზიანება;
  • ბრონქოექტაზები;
  • ძვლებისა და სახსრების სიფილისური დაზიანება;
  • გვიანი ნეიროსიფილისი.
დიაგნოზის დასმა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ხდება, შემდეგ კი იწყება მკურნალობა გამომწვევის წინააღმდეგ ბრძოლით, პენიცილინოთერაპიით. პარალელურად შეიძლება სიმპტომური მკურნალობის ჩატარებაც.

გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპეს ვირუსის I და II ტიპები. სწორედ ეს ტიპები იწვევენ ტუჩების ჰერპესსაც. ჰერპეს ვირუსის განვითარების რისკ ფაქტორია იმუნური სისტემის დასუსტება, რაც გადაციებით, გადაღლით, ჰიპოვიტამინოზით, პირველადი იმუნოდეფიციტით ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით შეიძლება იყოს განპირობებული.
ჰერპესით ინფიცირება შეიძლება იყოს პირველადი, ან მეორადი. თუკი ადამიანის ორგანიზმი მანამდე არ შეხვედრია ამ ვირუსს და მტარებელი არ არის, მასთან სიმპტომები მეტად მწვავედ ვლინდება, ძლიერი საერთო სისუსტითა და ცხელებით. ძველი პროცესის გამწვავებისას კი მხოლოდ ადგილობრივი ნიშნები ვლინდება. კანზე და ლორწოვან გარსებზე ჩნდება წვრილი ბუშტუკოვანი გამონაყარი, ბუშტუკები პროცესის პროგრესირებასთან ერთად ჯერ ერთდებიან, შემდეგ კი სკდებიან და მათ ადგილას ზედაპირული წყლულები ჩნდება. 
გენიტალური ჰერპესისას ავადმყოფს გენიტალიების ტკივილი და ქავილი აწუხებს.
როგორც წესი ჰერპესის გამოვლინებები თავისით ქრება, თუკი მძიმე იმუნოდეფიციტთან არ გვაქვს საქმე.
დიაგნოზის დასმა ექიმისათვის გამონაყარის დანახვისთანავე ადვილია. მკურნალობა აციკლოვირით და მისი რიგის პრეპარატებით ხდება, იმირს გამო, რომ ჰერპესი იმუნოდეფიციტის მდგომარეობაში იჩენს თავს, სასურველია ზოგად-გამაჯანსაღებელი თერაპიაც.

ქლამიდიოზი

ქლამიდიოზის გამომწვევი ბაქტერია ქლამიდიაა, რომელიც ძირითადად სქესობრივი გზით ხვდება ორგანიზმში, დაავადების სიმპტომები ორგანიზმში მიკრობის   მოხვედრიდან 2-4 კვირაში ვლინდება.
ქალებში ქლამიდიაზი უსიამოვნო სუნის მქონე ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით ხასიათდება.ასევე შესაძლო სიმპტომებია ტკივილი, ქავილი და დისკომფორტი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების მიდამოში.
მამაკაცებში ქლამიდიოზი საშარდე გზების მსუბუქი ანთების სახით ვლინდება, რომელიც დროში გახანგრძლივებულია და იშვიათად ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი და დისკომფორტიც შეიძლება ახლდეს თან.
ქლამიდიოზის გართულებები:
  • რეიტერის დაავადება_ქლამიდიამ სასქესო ორგანოებთან ერთად შეიძლება კონიუნქტივა და სახსრებიც დააზიანოს. შესაბამისად იქნება ტრიადა: ურეთრიტი (შარდსადენის ანთება), კონიუნქტივიტი და ართრიტი.
  • შარდსადენის სტრიქტურა_შევიწროება, რომელიც შარდსადენში ანთებადი უბნების არსებობითაა გამოწვეული;
  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • მცირე მენჯის ორგანოთა ანთებები;
  • ქალთა და მამაკაცთა უშვილობა.
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა ლაბორატორიულად, ძალიან თანამედროვე მეთოდებით ხდება.
ვინაიდან ქლამიდია ბაქტერიაა, მისი მკურნალობის მეთოდი ანტიბიოტიკოთერაპიაა.

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ერთუჯრედიანი პარაზიტი, ვაგინალური ტრიქომონა (Trichomonas Vaginalis) იწვევს.
ვაგინალური ტრიქომონა
უხშირესად აზიანებს საშოს და შარდსადენს, იშვიათად შარდის ბუშტს და საშვილოსნოს. ვლინდება ვაგინიტის სახით, რომელსაც ურეთრიტიც შეიძლდება ახლდეს. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მწვავე მიმდინარეობისას აღინიშნება უხვი მომწვანო-მოყვითალო გამონადენი, რომელიც ქაფდება, აირწარმომქმნელი ბაქტერიების თანდართვის გამო. გამონადენმა შეიძლება გამოიწვიოს ირგვლივ კანის გაღიზიანება, რომელიც ქავილით და წვის შეგრძნებით გამოვლიდება.
მამაკაცებში 40%-ში იწვევს პროსტატიტს, ურეთრიტს იწვევს მცირე ხნით, ვინაიდან შარდსადენი არასასურველი გარემოა ტრიქომონასათვის. ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე) 3 დღიდან 4კვირამდე და მეტია, ძირითადად 10-14 დღე. დაავადება იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით, მცირედი ქავილით, ზოგჯერ მიდის უსიმპტომოდაც.
დიაგნოსტიკა გართულებულია იმის გამო, რომ სიმპტომები სუსტად ვლინდება, ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. უფრო ადვილია მისი დადგენა ქალებში.
მკურნალობა კომპლექსურია, წამყვანი საშუალება ანტიპარაზიტული მედიკამენტებია(მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი). მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ორივე სქესობრივმა პარტნიორმა.

მახვილწვერიანი კონდილომები

მახვილწვერიანი კონდილომები კანისა და ლორწოვანის სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნებია, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსითაა (HPV-Human papilloma virus) გამოწვეული. მის განვითარებას ხელს სუსტი იმუნიტეტი, ადგილობრივად კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაცერაცია, ტრავმირებაა, რისი მიზეზიც მექანიკური დაზიანება, ასევე სასქესო ორგანოებიდან გამონადენით კანის გაღიზიანება შეიძლება იყოს.
ადამიანის პაპილომა ვირუსი / Human Papilloma Virus
მახვილწვერიანი კონდილომები ვლინდება მეჭეჭისებრი გამონაყრის სახით, რომელიც თვიდან ერთეულია, შემდეგ მრავლდება და კონდილომები ერთდებიან, საბოლოოდ გენიტალიები შეიძლება ყვავილოვან კომბოსტოსებრი წარმონაქმნით მთლიანად დაიფაროს.
დაავადების გამოსავალი:
  • თვითგანკურნება;
  • კანისა და ლორწოვანის კიბოსწინარე დაავადებების განვითარება;
  • გაავთვისებიანება_კარცინომის განვითარება.
დიაგნოზის დასმა ადვილია შეხედვითაც, დასადასტურებლად კი ხდება პაპილომა ვირუსის აღმოჩენა. ვირუსისაგან განსაკურნებელი საშუალება არ არსებობს. კონდილომების მოშორება ხდება ისევე, როგორც სხვა მეჭეჭების: კრიოდესტრუქცია, ელექტრორეზექცია, ქიმიური მეთოდი, ლაზერული რეზექცია.

გაითვალისწინეთ! სგგდს თვითმკურნალობას არასდროს მოაქვს კარგი შედეგი!
მათგან თავის დაზღვევა კი ხდება ასე. საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

რეკომენდაციები სიზარმაცის საწინააღმდეგოდ

ავტორი: თამარ კაციტაძე
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ზარმაცობს ან საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება არ სურს? როგორ გავუღვივოთ სწავლის სურვილი? რა მიზეზები მოჰყავთ ბავშვებს საკუთარი სიზარმაცის გასამართლებლად და რამდენად ყურადსაღებია მათი არგუმენტები? ეს აინტერესებს ყველას, ვისაც შინ თუნდაც ერთი სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს.

„როგორია შენი დამოკიდებულება სწავლის მიმართ და როგორი განწყობით ასრულებ საშინაო დავალებებს?" - ამ კითხვებს მოწაფეები სხვადასხვანაირად პასუხობენ, თუმცა თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ თუ დავალება საინტერესოდაა ფორმულირებული, უფრო ბეჯითად და ინტერესით ასრულებენ მას.
მოზარდის სწავლით დაინტერესება, გარეგანი ფაქტორებით (უმაღლესში ჩაბარებით, კარიერული წინსვლით, სოციალური აღიარებით და ა.შ.) მისი მოტივირება დღეს გაცილებით ძნელია, ვიდრე წინათ. უამრავი კერძო და ფასიანი სასწავლებელი, სადაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეიძლება მოხვედრა, ბიზნესუნარებზე დაფუძნებული კარიერული წინსვლა, რომელიც განსაკუთრებულ ინტელექტუალურ კაპიტალს არ მოითხოვს, მოზარდში უამრავ კითხვას ბადებს. მშობლებსა და მასწავლებლებსაც მეტი სიფრთხილით მართებთ ამ კითხვებზე პასუხების დაძებნა და სწორი მოტივაციის შექმნაზე ზრუნვა.
მოსწავლის სასწავლო აქტივობები მისი შინაგანი მოტივაციით უნდა იყოს განპირობებული. ასეთ დროს მოსწავლისთვის თავად აქტივობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო. ამიტომ ნებისმიერი მიზნისკენ სვლა პატარ-პატარა ნაბიჯების წარმატებით დაძლევას გულისხმობს.
იმისთვის, რომ მოსწავლე ზარმაც, უმოტივაციო, ჩამორჩენილ და აპათიურ პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს, საჭიროა სასწავლო-შემეცნებითი პროცესის სწორად დაგეგმვა.
რჩევები, რომლებსაც ფსიქოლოგთა და მკვლევართა რეკომენდაციებზე დაყრდნობით „ავერსის" სპეციალისტები იძლევიან, მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვისაც:

1. გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალების შესრულებას, რომელიც მის ძალებს აღემატება. ამით თავიდან აიცილებთ ფსიქოემოციურ დარღვევებს, არასრულფასოვნების კომპლექსს, გადაღლას.
2. სწორად დაგეგმეთ დღის რეჟიმი. სასურველია, ცხრილი სკოლაში იმგვარად შედგეს, რომ ესთეტიკური ბლოკის საგნები ენაცვლებოდეს რთულს. საშინაო დავალებების შესრულებამდე ბავშვმა უნდა მოახერხოს განტვირთვა. მიზანშეწონილია დავალებების დასრულება დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
3. მოერიდეთ შანტაჟს, თუ არ გინდათ, მოგვიანებით თავად გახდეთ მისი მსხვერპლი. მხოლოდ ჯილდოსთვის ან სასჯელის თავიდან ასაცილებლად შესრულებული დავალება ფორმალური და არაფრის მომცემია.
4. მიიღეთ მონაწილეობა დავალების შესრულებაში, ოღონდ არა როგორც მოკარნახემ ან დამკვირვებელმა, არამედ ისე, თითქოს თავად გაინტერესებთ შედეგი. მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი მოტივია მოზარდისთვის.
5. თუ ბავშვი ბევრ დროს უთმობს სხვადასხვა გასართობს (კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი თუ ჰობი), დაჰპირდით, რომ ამ ყველაფრისთვის დრო დავალებების შესრულების შემდეგ გამოინახება.
6. იზრუნეთ მოსწავლის იმუნიტეტსა და სწორ ფიზიკურ განვითარებაზე. სპორტი, გაკაჟება, ვიტამინების კომპლექსი ის აუცილებელი ფაქტორებია, რაც მოზარდის ჰარმონიულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.
7. მიზნებისა და მისაღწევი შედეგების სწორ ფორმულირებას არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. „კლასში საუკეთესო უნდა იყო!" „ათიანის გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო!" და ამგვარი მოთხოვნები დამთრგუნველი და მატრავმირებელი უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი. საზოგადოდ, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნიშანი სწავლისა და ცოდნის შეფასების ერთადერთ ფაქტორად ვერ ჩაითვლება. სხვათა შორის, დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერდა სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნას: „ციფრული შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას", - აღნიშნავს ის თავის ნაშრომებში განათლების ფსიქოლოგიის შესახებ.
8. გახსოვდეთ, სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, უპირველესად, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს. თუ ახალი აქტივობის მიმართ ბავშვებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება.
9. სასჯელსა და მატერიალურ ჯილდოზე ორიენტირება, როგორც ითქვა, არცთუ ეფექტურია. სამაგიეროდ, ქცევის განმტკიცება მიიჩნევა პრიორიტეტულ ფაქტორად. განმამტკიცებელი სტიმული ცვლის სასურველი ან არასასურველი ქცევის სიხშირეს. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები ხშირად სწავლობენ და ამჟღავნებენ ახალ ქცევას იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს მათთვის სასურველი შედეგი მოაქვს.
განმამტკიცებელ სტიმულებად მიიჩნევა:
1. სოციალური განმამტკიცებელი სტიმულები – ქება, ღიმილი და ყურადღება;
2. ქცევითი განმამტკიცებელი სტიმულები – თამაშები და სხვა სახალისო ერთობლივი მოქმედებები;
3. სიმბოლური განმამტკიცებელი სტიმულები – ნიშნები. სერტიფიკატები, დიპლომები...
და კიდევ ერთი რჩევა: დიმიტრი უზნაძის დასკვნით, „აღზრდის ძირითადი ტრაგედიაა" უფსკრული აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებათა შორის. „აღმზრდელი, თუმც კი თვლის, რომ აღსაზრდელის მომავალი კეთილდღეობით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში არ აქცევს ყურადღებას აღსაზრდელის სურვილებს, არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით. ის, რაც, აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისათვის ხშირად წვალებად იქცევა", – წერს უზნაძე და, ვფიქრობთ, ეს მშობლებმაც და მასწავლებლებმაც უნდა გაითვალისწინონ.

გაკვეთილი-შეჯიბრება როგორც თამაშით სწავლის აქტიური ფორმა

ავტორი: მაია ფირჩხაძე
მასწავლებლის საქმიანობა რთული და საპასუხისმგებლოა. მას ყოველდღიურად უწევს სწავლებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც მოსწავლის არა მარტო ცოდნაზე, არამედ მოტივაციასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც იქნება ორიენტირებული.
ამჟამად პოპულარულია სამი სახის სასწავლო აქტივობა: მოდელირება ანუ თამაშით სწავლა, კომუნიკაციური დიალოგი ანუ დისკუსიის წარმოება და წყაროების შესწავლა ანუ კვლევითი საქმიანობა.
მოდელირება ანუ თამაშით სწავლა - ეს არის თამაში-შეჯიბრება, თამაში-რეკონსტრუქცია, თამაში-განხილვა;
კომუნიკაციური დიალოგი ანუ დისკუსია გულისხმობს სტრუქტურულ დისკუსიას, სემინარ-დისპუტს და პრობლემაზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას;
წყაროების შესწავლა ანუ კვლევითი საქმიანობა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობას და პრობლემის კვლევის გაკვეთილს მოიცავს.
გაკვეთილი-თამაში პირობითად შეგვიძლია გავყოთ თამაშ-რეკონსტრუქციად (რომელიც წარმოსახვაზეა დაფუძნებული) და როლურ თამაშად, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა ფორმის განხილვის იმიტაცია, ანალიზი და თამაში-შეჯიბრება მკაცრად განსაზღვრული წესებით.
საზოგადოდ, სასწავლო თამაშად შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი შეჯიბრება მოთამაშეებს შორის, რომელთა მოქმედების არე იზღუდება წინასწარ დადგენილი პირობებით (წესებით) და მიმართულია დასახული მიზნისკენ. ასეთი აქტივობების დროს მოსწავლე იღებს ახალ ცოდნას და ინდივიდუალურად, მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობისა და სწავლის პროცესში აყალიბებს საკუთარ პოზიციას.
განვიხილოთ თამაშ-შეჯიბრების რამდენიმე მაგალითი, რომელიც ძალზედ პრაქტიკულია გაკვეთილზე.
I. თამაში-შეჯიბრება „ვინ უფრო მეტი?"
მიზანი 1: საგნის ათვისების შესახებ არსებული ცოდნის გააქტიურება
ინსტრუქცია: დაასახელეთ ერთი ობიექტის/ცნების (ფანქარი, მცენარე, საუკუნე, ცივილიზაცია, პირამიდა და ა.შ.) რაც შეიძლება მეტი ნიშანი/თვისება. დავალება შეიძლება შესრულდეს როგორც ზეპირად (თუ ყველა თავის საგანს აირჩევს), ასევე წერილობითაც (მაშინ ყველას მიეცემა ერთი და იგივე დავალება). მოიგებს ის, ვინც მეტ ნიშან-თვისებას მოიგონებს დასახელებული, არჩეული საგნის/ცნების შესახებ.
მიზანი 2: „შეჯიბრების გზით იპოვე საერთო და განსხვავებული"
მუშაობა რთულ ტექსტთან ან ვიზუალურ მასალასთან იწყება მასწავლებლის თხოვნით, იპოვონ რაც შეიძლება მეტი საერთო და განსხვავებული ტექსტში (ახალ სიტყვებს შორის), ასევე - სურათზე, კლასში, ოთახში არსებულ საგნებსა და მეზობელ ადამიანებს შორის და ა.შ. (უფრო რთული ვარიანტი ამ დავალებისა არის იმავე ობიექტების შესახებ უკვე ცნობილი ინფორმაციის შედარება ახალაღმოჩენილ ნიშან-თვისებებთან).
მიზანი 3: „იპოვე მსგავსება/განსხვავება შედარების გზით"
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია (ნარატივი ან ვიზუალური მასალა) ან მსგავსი პერსონაჟი მოიძიონ და ახსნან, რა აქვთ საერთო. ამის მსგავსია დავალება „იპოვე საწინააღმდეგო თვისებები", ანუ ისეთები, რომლებიც არ აქვთ პერსონაჟებს ან არ გვხვდება მათ მიერ მოძიებულ მასალაში.

II. თამაში - „ვინ უფრო სწრაფად"
სავარჯიშო 1. მონაწილეები სხედან წრეზე. მასწავლებელს უჭირავს ბურთი. ინსტრუქცია ასეთია: „წარმოიდგინეთ, რომ ეს ბურთი ატამია. ახლა ესროლეთ ის ერთმანეთს, თან დაამატეთ, როგორ ატამს ისვრით. იყავით ყურადღებით, რომ ერთი და იგივე ნიშან-თვისებები არ გაიმეოროთ". მასწავლებელი ასახელებს ნებისმიერ თვისებას, მაგალითად, „ტკბილი". დავალების შესრულების პროცესში ის უფრო დინამიკურს ხდის სამუშაოს და სთავაზობს მოსწავლეებს: „მოდი, უფრო სწრაფად ვიმუშაოთ".
ეს სავარჯიშო წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნის სწავლების დროს, მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისას გამოვიყენებთ ასეთ ცნებებს: „კანონი" , „კონსტიტუცია", „მოქალაქეობა", „სოციალური ჯგუფი" და სხვ.
სავარჯიშო 2. მოსწავლეები სხედან წრეზე. ინსტრუქცია: მოსწავლეებმა ერთმანეთს უნდა ესროლონ ბურთი და სროლის დროს დაასახელონ რომელიმე ფერი, ხოლო წერითი დავალების დროს - ამ ფერის რაიმე საგანი. იყავით ყურადღებით - დასახელებული ფერი და საგანი არ უნდა გამეორდეს; მონაწილეობის საშუალება ყველას უნდა მიეცეს.
ეს დავალება განსაკუთრებული წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე.
სავარჯიშო 3. მონაწილეები სხედან წრეზე. მასწავლებელს უჭირავს ბურთი. ინსტრუქცია: მოსწავლეებმა ბურთი ერთმანეთს უნდა ესროლონ; ის, ვინც ისვრის ბურთს, წარმოთქვამს სიტყვებს: „ჰაერი", „მიწა" ან „წყალი", - ის კი, ვინც დაიჭერს, უპასუხებს - თუ ნათქვამი იყო, მაგალითად, „ჰაერი", ფრინველს ასახელებს, თუ „მიწა" - ცხოველს, ხოლო „წყლის" დასახელებისას - თევზს. თამაში სწრაფად უნდა წარიმართოს.
კიდევ ერთი ვარიანტია თამაშისთვის რომელიმე კონკრეტული თემის არჩევა, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, ასოციაციური ხატის მეშვეობით მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე ობიექტები გაიხსენოს. ეს სავარჯიშო დასახელებული თემის შესახებ მისი ცოდნის დონის შემოწმების საშუალებასაც მოგვცემს.
მაგალითად, ზემოხსენებულ ცნებებზე - „ჰაერი", „მიწა" და „წყალი" - დაყრდნობით მოსწავლეებს შეუძლიათ გაიხსენონ ნაცნობი ინფორმაცია მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიიდან - მოიყვანონ საჰაერო, სახმელეთო ტრანსპორტის ან ზღვაოსნობის ისტორიიდან შესაფერისი მაგალითები. მაგალითად, ასეთი: თვითმფრინავი, დელტაპლანი, რაკეტა, კოსმოდრომი, აეროპლანი, ვერტმფრენი, აეროპორტი, მფრინავი, პერშინგ-2; ეტლი, ურემი, მხედარი, პილოტი; ბოცმანი, გემი, კაპარჭი, ნავი, ღუზა და სხვ.

III. თამაში „არგუმენტის მოყვანა"
ამ სავარჯიშოს მიზანია ავხსნათ, რომ არგუმენტი არის საფუძველი, ბაზა, რომელზეც შენდება თეზისის დასაბუთება. არგუმენტი უპასუხებს კითხვას: რით მტკიცდება თეზისი?
არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სამი ეტაპი:
·თეზისის წარდგენა/ახსნა;
·დამტკიცება;
·დასკვნის გამოტანა.
ეს ლოგიკური ჯაჭვი შეგვიძლია ამგვარად წარმოვიდგინოთ:
vძირითადი იდეა/ თეზისი;
v ამ იდეის გაშლა - ახსნა;
v იდეის დამტკიცება - დასაბუთება, მტკიცებულებები, ლოგიკური მსჯელობა.




------------- ძირითადი იდეა

------------- იდეის ახსნა

-------------- დასაბუთება ლოგიკური მსჯელობით
---------------- დასაბუთება ფაქტებით
----------------- არგუმენტის დასკვნა

I ეტაპი: მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს თამაშის შინაარსს, გაანაწილებს დროს თითოეული დავალებისთვის და შემდეგ დაყოფს აუდიტორიას 6 ჯგუფად, თითოეულს მისცემს ბარათს წარწერით „თეზისი" (ორ ჯგუფს ექნება ერთი და იგივე შინაარსის ბარათი).
გთავაზობთ თეზისის რამდენიმე მაგალითს:
·კვირას აუცილებლად უნდა წავიდე ჩემს მეგობართან (შვილი უსაბუთებს მშობლებს).
·ხუთშაბათს გიორგი სკოლაში ვერ მოვა (მშობელი უსაბუთებს კლასის დამრიგებელს).
·ექსკურსია ქალაქგარეთ ერთი კვირით გადავდოთ (კლასის დამრიგებელი უსაბუთებს ბავშვებს).
ბარათის დარიგებიდან 1 წუთის განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან თეზისს.

II ეტაპი - მასწავლებელი აუხსნის აუდიტორიას, როგორ უნდა დაასაბუთონ მოცემული თეზისები. მაგალითად, თეზისი „დღეს საღამოს ბიბლიოთეკაში უნდა წავიდე" (შვილი უსაბუთებს მშობელს):
1. „ფიზიკაში ახალი თემის შესწავლას ვიწყებთ და დასკვნითი პრეზენტაციისთვის უნდა მოვემზადო";
2. „ახლა ჩვენ ვსწავლობთ ძალიან მნიშვნელოვან თავს ფიზიკაში და სემესტრული ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი პრეზენტაციის მაღალი ქულა";
3. „ამიტომ ამ საღამოს ჩემი ბიბლიოთეკაში წასვლა აუცილებელია".

III ეტაპი - თითოეული გუნდი მოიფიქრებს 3 წინადადებას, რომლებითაც ბარათზე დაწერილ თეზისებს დაასაბუთებს. ამის შემდეგ გუნდები დასაბუთებას წარადგენენ.
მასწავლებელი თითოეული გუნდის გამოსვლის შემდეგ აკეთებს მოკლე კომენტარს.


თამაში „არგუმენტის შემუშავება" ლოგიკური აზროვნების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და შედეგიანია ნებისმიერი დისციპლინის შესწავლისას.

გაკვეთილი-შეჯიბრება შეიძლება ტრადიციული ფორმითაც წარიმართოს.

განვიხილოთ ტრადიციული გაკვეთილი-შეჯიბრება ისტორიის სწავლების მაგალითზე:

გაკვეთილის მიზანი: შეჯიბრების ფორმით შევამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნის დონე ძველი მსოფლიოს ისტორიაში (ძველი შუამდინარეთი, ფინიკია, ასურეთი, ძველი სპარსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, პალესტინა);
გაკვეთილის ორგანიზება: კლასის დაყოფა ჯგუფებად და ლიდერების არჩევა; ჟიურის დასახელება, დროის განაწილება და შეფასების სისტემის გაცნობა/დამტკიცება
I ნაწილი: გაკვეთილის შესავალში მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს საგაკვეთილო თემას და სვამს მოკლე შეკითხვებს, მაგალითად:
·ვინ იყო ცინ ში ხუანდი?
·ასურეთის რომელ მეფეს ჰქონდა ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა?
·რა გამოიგონეს ფინიკიელებმა?
·რომელია უძველესი სატრანსპორტო საშუალება?
·რას იყენებდნენ უძველეს შუამდინარეთში საწერ მასალად? - და ა.შ.
უპასუხებს ის, ვინც პირველი აიწევს ხელს. თითოეულ სწორ პასუხს ჟიური მიანიჭებს ქულას.
III ნაწილში მასწავლებელი ეხება ისტორიული გეოგრაფიის საკითხებს - თითოეული ჯგუფის ცალკეულ მონაწილეებს დაურიგდებათ ბარათები გეოგრაფიული პუნქტების დასახელებით (ხუანხე, ევფრატი, ნილოსი, ბაბილონი, პალესტინა და ა.შ.), რომელიც მათ რუკაზე უნდა იპოვონ, სიტყვიერადაც დაასახელონ მისი მდებარეობა და გაიხსენონ მასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები. პასუხებს აფასებს ჟიური.
IV ნაწილია „საშინაო დავალება": ჯგუფები გაცვლიან შეკითხვებს, რომლებიც წინასწარ მოიფიქრეს შონ. ჟიური აფასებს როგორც მათ ხარისხს, ასევე პასუხების სისწორესაც.
V ნაწილი კაპიტნების კონკურსია: მასწავლებელი წაიკითხავს ნარატიულ მასალას, მერე კი გუნდის კაპიტნები უპასუხებენ კითხვებს (მაგალითად: რაზეა საუბარი ტექსტში? ვისზეა საუბარი ტექსტში? სად დაიწერა ეს მასალა და ა.შ.).
VI ნაწილს მასწავლებელი უთმობს თარიღებს/ქრონოლოგიას (მაგალითად: რა მოვლენები შეესაბამება შემდეგ თარიღებს - ძვ. წ. 1500 წელს? ძვ. წ. 525 წელს? - და ა.შ.).
VII ნაწილი შეიძლება დაეთმოს კონკურსს „ვინ უკეთ იცნობს ბიბლიას". მასწავლებელს შეუძლია დასვას ასეთი შეკითხვები:
·„რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო?"
·„რას ნიშნავს გამოთქმა „იერიქონის საყვირი"?
·რას უკავშირდება იგი?" - და ა.შ.
პასუხებს შეაფასებს ჟიური.
დასასრულ, მოხდება შედეგების შეჯამება, გამარჯვებულთა დაჯილდოება და გაკვეთილის შეფასება.
მოდელირების ანუ თამაშით სწავლის გაკვეთილები მხიარულია, სახალისო, ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის განვითარებას, ფაქტობრივი ცოდნის ათვისებას, აზროვნების გაფართოებას, განვლილი მასალის განმეორება-შეჯამებას და წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში.

вторник, 25 февраля 2014 г.

რა არის პორტფოლიო
http://www.slideshare.net/olghabochorishvili/ss-30952760

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ბიოლოგიის სწავლებისას
ავტორი: მარინა სეხნიაშვილი
გთავაზობთ კიდევ ერთ ექსპერიმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მეცნიერული კვლევის, კერძოდ, მოდელის შექმნისა და გამოყენების, უნარ-ჩვევების განვითარებას.

ექსპერიმენტი: სისხლის ჯგუფების თავსებადობის/ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელი

თემა: სისხლის ჯგუფები. იმუნიტეტი

წინარე ცოდნა:
მოსწავლეებმა იციან: იმუნიტეტის არსი; სისხლის ჯგუფები; ცნებები: ანტიგენი, ანტისხეული, დონორი, რეციპიენტი. იციან, რომ სისხლის ჯგუფის სახეობა დამოკიდებულია ერითროციტის მემბრანაში არსებული ანტიგენის სახეობაზე და პლაზმაში ანტისხეულის გვარობა­ზე (იხ. ცხრილი1). სისხლის გადასხმის დროს ითვალისწინებენ დონორის (ვინც სისხლს გასცემს) ერითროციტებში ანტიგენის სახეობას და რეციპიენტის (ვინც იღებს სისხლს) სისხლის პლაზმაში ანტისხეულის სახეობას. სისხლის ჯგუფების შეუთავსებლობის შემთხვევაში რეციპიენტის სისხლში წარმოიქმნება შესაბამისი ანტისხეულები, რომლებიც დონორის ერითროციტებს აწებებს, ეს კი სიცოცხლისთვის საშიშია.


კავშირი სტანდარტთან:
კვლ. X. 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
·იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს;

კვლ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში, საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით, გამოიტანს დასკვნებს.

ბიოლ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·ქმნის ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს და მსჯელობს ამ ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე.

სასწავლო მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ:
·დაგეგმილი ცდის ჩატარებას;
·მონაცემების აღრიცხვას;
·მონაცემთა ცხრილის საშუალებით მონაცემების წარმოდგენას;
·მონაცემების ანალიზს და ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანას;
·ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელის შექმნასა და გამოყენებას;
·მსჯელობას ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მნიშვნელობის შესახებ.

ექსპერიმენტის მიზანი: ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელის შექმნა და გამოყენება სისხლის ჯგუფების თავსებადობის განსაზღვრის მიზნით.

მასალა:
·საკვები საღებავებით შეფერილი წყალი: წითელი, ლურჯი, მეწამული;
·სუფთა წყალი;
·სინჯარები;
·სინჯარების სადგამი.

პროცედურა:
1. მასწავლებელმა მოგამარაგათ წითელი წყლით, ლურჯი წყლით, მეწამული წყლით (წითელს + ლურჯი = მეწამულს) და სუფთა წყლით.
წითელი ფერის წყალი "A ჯგუფის სისხლია”, ლურჯი - "B ჯგუფისა”, მეწამული - "AB ჯგუფისა”, სუფთა - "O ჯგუფისა”.
2. ოთხივე სინჯარა მოათავსეთ სადგამში და დანომრეთ 1-დან 4-მდე.
3. პირველ სინჯარაში ჩაასხით 1სმ3 "A ჯგუფის სისხლი”; მეორეში - 1 სმ3 "B ჯგუფის სისხლი”; მესამეში - 1სმ3 "AB ჯგუფის სისხლი”; მეოთხეში - 1სმ3 "O ჯგუფის სისხლი”. თითოეული სინჯარა ასახავს სისხლის რეციპიენტს (მიმღებს).
4. თითოეულ სინჯარას დაამატეთ 1სმ3 A ჯგუფის სისხლი (დონორის სისხლი). მონაცემთა ცხრილში ჩაწერეთ სინჯარებში - "რეციპიენტის სისხლში” - მომხდარი ფერის ყველა ცვლილება.
5. თუ წყალმა ფერი იცვალა, ეს ნიშნავს, რომ მოხდა "აგლუტინაცია-შეწებება” და ეს ჯგუფები არათავსებადია. თუ ფერი იგივე დარჩა - სისხლის ეს ჯგუფები თავსებადია. შედეგები ჩაიწერეთ გრაფაში მოცემული ნიმუშის მიხედვით.
6. გაიმეორეთ მე-3-4 ნაბიჯი, შემდეგ დაამატეთ თითოეულ სინჯარას "B ჯგუფის სისხლი”. მონაცემები ჩაიწერეთ.
7. გაიმეორეთ მე-3-4 ნაბიჯი, შემდეგ დაამატეთ თითოეულ სინჯარას "AB ჯგუფის სისხლი”. მონაცემები ჩაიწერეთ.
8. გაიმეორეთ მე-3-4 ნაბიჯი, შემდეგ დაამატეთ თითოეულ სინჯარას "O ჯგუფის სისხლი”. მონაცემები ჩაიწერეთ.

ანალიზი და დასკვნა
1. სისხლის რომელი ჯგუფების კომბინაციის შედეგად მოხდა "აგლუტინაცია”? ახსენით, რატომ.
2. სისხლის რომელი ჯგუფები აღმოჩნდა თავსებადი? ახსენით, რატომ.
3. რომელი ჯგუფის სისხლს შეუძლია გახდეს დონორი ყველა ჯგუფის სისხლისთვის? რატომ?
4. რომელი ჯგუფის სისხლს შეუძლია იყოს რეციპიენტი ყველა ჯგუფის სისხლისთვის? რატომ?
მონაცემთა ცხრილი 2ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციების სიმულირება
რეციპიენტის სისხლის ჯგუფები
დონორის სისხლის ჯგუფები
A
(წითელი წყალი)
B
(ლურჯი წყალი)
AB
(მეწამული წყალი)
O
(სუფთა წყალი)
A
(წითელი წყალი)
B
(ლურჯი წყალი)
AB
(მეწამული წყალი)
0
(სუფთა წყალი)

რეკომენდაცია მასწავლებლებისთვის: დაკვირვება ხდება "რეციპიენტის სისხლის” ფერის ცვლილებაზე! მაგალითად, როდესაც "AB ჯგუფის რეციპიენტის სისხლს” (სინჯარაში მეწამული წყალია) ემატება "დონორის B ჯგუფის სისხლი” (ლურჯი წყალი), სინჯარაში ხსნარის შეფერილობა არ იცვლება, რადგან მეწამული წყალი შეიცავს წითელ საღებავს და ლურჯთან შერევით მიიღება ისევ მეწამული ფერი. ამრიგად, AB ჯგუფის რეციპიენტისთვის B ჯგუფის სისხლი თავსებადია. როდესაც, პირიქით, B ჯგუფის სისხლია რეციპიენტი (სინჯარაში ლურჯი წყალია), ხოლო დონორის სისხლი AB ჯგუფისაა (მეწამული ხსნარი), "რეციპიენტის სისხლის შეფერილობა” შეიცვლება: სინჯარაში ლურჯი წყალი მეწამული გახდება ("დონორის სისხლი” - მეწამული წყალი - შეიცავს წითელ საღებავს და ლურჯთან შერევით მიიღება მეწამული ფერი). ამრიგად, B ჯგუფის რეციპიენტისთვის AB ჯგუფის სისხლი შეუთავსებელია.
რასაკვირველია, ექსპერიმენტის შედეგების შეჯამებისას სისხლის ჯგუფების შეთავსება-შეუთავსებლობა უნდა აიხსნას ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედების საფუძველზე. მაგალითად, AB ჯგუფის სისხლი არის უმაღლესი ხარისხის რეციპიენტი (იღებს ყველა ჯგუფის სისხლს), რადგან ამ ჯგუფის სისხლის პლაზმაში არც ერთი ანტიგენის (A და B) საწინააღმდეგო ანტისხეულის წარმოქმნა არ ხდება, ხოლო O ჯგუფის სისხლი უმაღლესი ხარისხის დონორია (გადაესხმება ყველა ჯგუფის სისხლს), რადგან ამ ჯგუფის სისხლის ერითროციტებში არ არის ანტიგენი. O ჯგუფის სისხლი მხოლოდ O ჯგუფის სისხლს იღებს, რადგან ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლის გადასხმისას ერითროციტების მემბრანებში არსებულ ანტიგენებს აღიქვამს როგორც უცხოს და მათ (A და B ანტიგენების) საწინააღმდეგოდ წარმოქმნის ანტისხეულებს, რაც ერითროციტების შეწებებას იწვევს.