пятница, 7 марта 2014 г.

რამდენად გართულდა 2014 წლის ეროვნული გამოცდები წინა წლებთან შედარებით?თავის დროზე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ის სიახლე იყო, რომელმაც დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. ერთი ხელის მოსმით წარსულს ჩაბარდა ე.წ ჩაწყობა–მოწყობები. რასაკვირველია, ამან განათლების სფეროში ზოგადი მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა პროცესში გარკვეული ხარვეზებიც გამოიკვეთა. ცოტა ხნის წინ, ეროვნული გამოცდების გაუქმებასა და სკოლის სისტემაში გადატანაზე ალაპარაკდნენ, თუმცა სიტყვას საქმე არ მოჰყოლია. ამ ფონზე, გამოცდებისა და შეფასების ცენტრი მორიგი ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება. აბიტურიენტების რეგისტრაცია დაწყებულია.

Aris.ge - განათლება, გამოცდებისა და შეფასების ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილს ესაუბრა.

– ქალბატონო მაია, როგორ მიმდინარეობს აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი, რაიმე დაბრკოლებები ხომ არ ყოფილა? 

– არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა და რეგისტრაციის პროცესი ძალიან მშვიდად და გეგმაზომიერად მიმდინარეობს. უბრალოდ, აქტიურობა შედარებით დაბალია. როგორც წესი, აბიტურიენტები ყველაზე უფრო ბოლო კვირას აქტიურდებიან და წელსაც ასეთ მიმდინარეობას ველით. ასე რომ, ყველაფერი წყნარად მიმდინარეობს და ამ მხრივ არანაირი პრობლემები არ გვაქვს. 

– კიდევ ერთხელ, რა სიახლეებია წელვანდელ ეროვნულ გამოცდებზე, რაც აბიტურიენტებისთვის პირველ რიგში საინტერესო შეიძლება იყოს.

–2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული: უცხოური ენის გამოცდაში ტექსტის მოსმენის დავალება დაემატება. ეს 4 დიალოგისა და 4 ტექსტისაგან შედგება. თითოეულ საკითხს მხოლოდ ერთი შეკითხვა ახლავს. მოსმენის დავალების მთლიანი ხანგრძლივობა, დაახლოებით 8-10 წუთია. მოსმენის დროს აბიტურიენტებს ყურსასმენები არ დასჭირდებათ. სექტორში 15-ვე აბიტურიენტი შეასრულებს ერთსა და იმავე დავალებას, რომელსაც ხმის გამაძლიერებლის საშუალებით მოისმენს. ამ დავალების მაქსიმალური შეფასებაა 8 ქულა. შესაბამისად, გაიზარდა უცხოური ენის საგამოცდო დრო. ტესტის შესასრულებლად აბიტურიენტებს 2 საათი და 30 წუთი ეძლევათ. 

ასევე, ამავე ტესტში აღარ არის 2- ქულიანი საკითხები. ყველა დავალება, წერის დავალებების გარდა, არის 1-ქულიანი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 100. უცხოური ენის ტესტს დაემატა წერითი დავალება. აბიტურიენტს მოეთხოვება, წაიკითხოს წერილი ან განცხადება და პასუხად მოკლე წერილი დაწეროს. 

ინგლისური ენის ტესტში მოხდა ცვლილება. მე-3 დავალება (სათაურების მისადაგება) განახლებული ფორმით არის წარმოდგენილი; აბიტურიენტს მოეთხოვება წაიკითხოს ტექსტი, კითხვები და მიუთითოს ტექსტის ის აბზაცი, რომელშიც ამ კითხვებზე პასუხია მოცემული.

2014 წლიდან არჩევით საგნებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ემატება. თუ უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნების ამ გამოცდას რომელიმე პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულოდ გამოაცხადებს (მხოლოდ ერთ არჩევით გამოცდას მიუთითებს), აბიტურიენტი ვალდებულია, არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება მიუთითოს. 

გამოცდის მაქსიმალური დროა 3 საათი და 30 წუთი, ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადასალახად კი აბიტურიენტმა 18 ქულა (25%-ზე მეტი) უნდა მიიღოს. 

ასევე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი შემუშავდა: აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად, გარდა იმ აბიტურიენტებისა, რომელთა მიერ მიღებული ნედლი ქულაც ზღვარს აღემატება, ზღვრის გადალახვის შანსს შეინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებიც შედარებით რთულ ვარიანტს შეასრულებენ და ზღვართან მიახლოებულ ნედლ ქულას მიიღებენ.

ტესტში, რომელიც მხოლოდ არჩევითი პასუხების მქონე დავალებებისაგან შედგება (მაგ., ზოგადი უნარები), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისე განისაზღვრება, რომ სწორი პასუხების შემთხვევითი გამოცნობით ზღვრის გადალახვის ალბათობა მინიმუმამდე დავიდეს. 

ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20 ქულიდან 23 ქულამდე გაიზარდა. წინა წლებში კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აბიტურიენტს 21 ქულა მაინც უნდა მიეღო ზოგად უნარებში, 2014 წლიდან კი მან მინიმუმ 24 ან მასთან გათანაბრებული ქულა უნდა მიიღოს. 
სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები უფასოდ ისწავლიან). 

– რამდენად გართულებული იქნება ეს ეროვნული გამოცდები წინა წლებთან შედარებით? 

– ჩვენი მიზანი არანაირად არ არის, გავართულოთ ან გავამარტივოთ ეროვნული გამოცდები. ჩვენი მიზანი ერთადერთია – საშუალოსთან ახლოს იყოს საგამოცდო ტესტის სირთულე. მინდა გითხრათ, რომ მთელი წელი სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ასე რომ, წელსაც, როგორც წინა წლებში, ჩემი მოლოდინია საშულო სირთულესთან ახლოს იყოს საგამოცდო ტესტები. 

– იმატებს თუ არა ზოგადად, აბიტურიენტების სწავლის, ცოდნის დონე წინა წლებთან შედარებით თუ პირიქით ხდება; როგორია ამ მხრივ თქვენი დაკვირვების შედეგები? 

– რომ გითხრათ იმატებს–თქო, მართალი არ ვიქნები. პრობლემა არსებობს და ის გადასაჭრელი და აღმოსაფხვრელია. ბუნებრივია ამის გარეშე, ცოდნის მაჩვენებლების მატებაზე ვერ ვისაუბრეთ. პრობლემა კომპლექსურია და ამიტომ, ერთი–ორი საკითხის ჩამოთვლით, სრულ სურათს ვერ შევქმნით. ეს ცალკე და ვრცელი საუბრის თემაა.

– და კიდევ, ბევრი საუბარი იყო ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმებასა და მისაღები გამოცდების სკოლის ფარგლებშივე ჩატარებაზე. რა სიახლეებია განათლების სისტემაში ამ თვალსაზრისით? 

– ჯერჯერობით არაფერი იცვლება. იმისთვის, რომ საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე ვისაუბროთ, იმ პრინციპების ცვლილებაზე უნდა დავფიქრდეთ სერიოზულად, რომელზეც საბოლოო ჯამში საგამოცდო სისტემაა აგებული. შეიცვლება ეს ზოგადი პრინციპები და შეიცვლება საგამოცდო სისტემაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий