ვერ დამაჩოქებ
მე რა წამაქცევს საქართველოს მიწიდან ვიშვი,
ვერ დამაჩოქებ, რახანია გამიქრა შიში,
მე რა ჩამაქრობს წმიდანების მარგუნეს ჯიში,
როს მამულში მაქვს ზეციური სინათლის ნიში.
ვერ გავჩუმდები იავნანით გაზრდილი შვილი,
მე დედის ძუძუ მიწოვია თაფლივით ტკბილი,
დღეს იქნებ მომკლა, მაგრამ კვირტებს ამოყრის ძირი
და ყველა მათგანს ხვალ სიცოცხლის ექნება წილი.
მე რა წამაქცევს მიწაში მაქვს ჯანმრთელი ფესვი,
ისეთი სისხლი გადამისხეს, მასკდება მყესი,
სხვა ადათი მაქვს ქართველობის და სულ სხვა წესი,
რას გამაჩუმებ გულს სიმღერად ამოსდის ლექსი.
ჩემო სამშობლოვ შეგიცნობენ ოდესმე მჯერა,
რა დაადუმებს შენს მონაგარს, არა და ვერა,
ის ტყვია ჯერ არ მოგონილა ჩაგვიკლას რწმენა,
ვინ მოჰკლავს ქართველს, გული უძგერს სამშობლოს ხელა.
Комментариев нет:
Отправить комментарий