სიახლე პედაგოგებისთვის - კატეგორიები, სერტიფიცირების ნაცვლად და ამის მიხედვით განსაზღვრული ხელფასები
პრაქტიკოსი, წარჩინებული, მკვლევარი თუ მენტორი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია, რომლის თანახმადაც თეორიული ცოდნის გარდა პედაგოგების პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. სულ ოთხი კატეგორია იქნება, სადაც განათლების, უნარ-ჩვევების, სხვადასხვა მახასიათებლებისა და გარკვეული დროის მიხედვით, მათ კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასვლაც შეეძლებათ.
თუ მასწავლებელი მხოლოდ თეორიულ ცოდნას ეყრდნობა იგი პრაქტიკოსი პედაგოგია. თუ მოახერხებს კლასში მოსწავლეები ინდივიდუალურ დონეზე ამუშაოს და მათ წარმატების მიღწევაში დაეხმაროს წარჩინებული იქნება. თუ ეყრდნობა კვლევებს და მოდიფიცირებას უკეთებს სასწავლო პროგრამებს, მკვლევარის სტატუსი მიენიჭება. მენტორი უმაღლესი კატეგორიაა. ის ლიდერი პედაგოგია და სხვებისთვის მაგალითი. გავლენას ახდენს სკოლის კულტურაზე და მუშაობს დამწყებ პედაგოგოებთან.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს სერტიფიცირების გარეშე შეეძებათ კატეგორიიდან კატეგორიაზე გადასვლა, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ.
როგორც "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის" კოორდინატორი კახა ჟღენტი განმარტავს, პროფესიული სტანდარტი ვრცელდება ყველა მასწავლებელზე. ისინი დიპლომის ხარისხის და სერტიფიცირების გათვალისწინებით გადანაწილდებიან კატეგორიებში.
"უნდა განვასხვაოთ ორი პროცესი - პირველი დაიწყება 2014 წლის სექტემბერში: დიპლომის ხარისხის და სერტიფიცირების გათვალისწინებით მოქმედი მასწავლებლები გადანაწილდებიან სამ კატეგორიაში.
1. ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) - შევა პრაქტიკოსი მასწავლებლის კატეგორიაში;
2. ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) - შევა წარჩინებული მასწავლებლის კატეგორიაში;
3. საგნის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც არის მოქმედი მასწავლებელი - გახდება მკვლევარი მასწავლებელი", _ ამბობს ჟღენტი.
მასწავლებლების ერთი კატეგორიიდან მეორეში გადანაცვლება შემდეგი სქემის მიხედვით მოხდება - პრაქტიკოსი პედაგოგი რომ წარჩინებული გახდეს, მას ამისთვის 2-3 წელი ეძლევა. მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად - 2-დან 4 წელი და მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად- 2-დან 5 წელი.
პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის შესანარჩუნებლად საჭიროა 14 კრედიტი. წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 24 კრედიტი. მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 32 კრედიტი. მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 40 კრედიტი.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სკოლებს მენტორი მასწავლებლები არ ეყოლება, 2014 წლის სექტემბრიდან მასწავლებელი ამ კატეგორიაში მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების, კვალიფიკაციის და სწავლების შედეგების მიხედვით მოხვდება.
იმ პედაგოგებს, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მე-2 კატეგორია, ანუ წარჩინებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.
"ყველა მოქმედი მასწავლებელი ავტომატურად გახდება ახალი სასწავლო წლიდან ამ სისტემის ნაწილი. ეს აღარ იქნება "სქემა", ანუ პროგრამა, რომელშიც სურვილის მიხედვით ერთვები. ეს იქნება სისტემის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, ახალი სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას. ამ კატეგორიების სახელები ჯერ განხილვის პროცესშია, ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია: მენტორი მასწავლებელი - უმაღლესი კატეგორია, მკვლევარი მასწავლებელი - პირველი კატეგორია, წარჩინებული მასწავლებელი - მე-2 კატეგორია, პრაქტიკოსი მასწავლებელი - მე-3 კატეგორია. ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს მიენიჭება "წარჩინებული მასწავლებელი - მე-2 კატეგორია",_ განმარტავს კახა ჟღენტი.
არსებობს თუ არა იმის საშიშროება რომ მოქმედი პედაგოგები ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ და ასეთ შემთხვევაში რა ბედი ელით მათ? როგორც პროექტის კოორდინატორი ამბობს, ეს შეუძლებელია და ყველა მოქმედი მასწავლებელი სამსახურს შეინარჩუნებს, ისინი ორ პრაქტიკოსი და წარჩინებული მასწავლებლების სტატუსებს გადაინაწილებენ.
მასწავლებლების შეფასებაში, რომ იგი ერთი აკტეგორიიდან მეორეში მოხვდეს სკოლასთან ერთად (დირექტორი, სასწავლო ნაწილი), გარე ინსტიტუტებიც იქნება ჩართული.
კლასიფიკაცია აისახება პედაგოგთა ხელფასებზეც. საფეხურების მიხედვით ანაზღაურებაც მზარდი იქნება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული რიცხვები უცნობია.
პედაგოგების კატეგორიებად დაყოფა განათლების ექსპერტებისთვის მისაღებია, თუმცა იგი გარკვეულ კითხვებს მაინც ბადებს.
როგორც თამარ მოსიაშვილი ამბობს, უმნიშვნელოვანესია გამოქვეყნდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დოკუმენტი. თუ როგორ ასახავს იგი ახალი კადრის სკოლაში შესვლას, ხომ არ არის დაწეული სტანდარტი, როგორ მოხდება მასწავლებლების შეფასება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი ყველასათვის სავალდებულო უნდა გამხდარიყო. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ, გამოცდა აღარ იქნება სერტიფიკატის ანუ მასწავლებლის უფლების მოპოვების ერთადერთი საშუალება.
Комментариев нет:
Отправить комментарий