სოციალური პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს
დააფინანსებს
23.08.2014
2014-2015 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ ბაკალავრებს და მაგისტრანტებს დააფინანსებს, რისთვისაც ბაკალავრებისთვის 2 520 000 ლარი, ხოლო მაგისტრანტებისთვის 205 000 ლარია გამოყოფილი.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ბაკალავრებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მაგისტრანტებმა 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
ბაკალავრიატში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს; ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს; კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლებს; ობოლ (უდედმამო) სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე; სტუდენტებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ.
მაგისტრატურაში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; სოციალურად დაუცველ მაგისტრანტებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.
დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий