2015 – 2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია აპრილის ბოლოს დაიწყება
2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია, შარშანდელის მსგავსად, აპრილის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბათუმში, Aris.ge-განათლების კითხვის პასუხად განაცხადა.
„რეგისტრაციას, ვფიქრობ, აპრილის ბოლო კვირაში გამოვაცხადებთ, ეხლა მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია და ვფიქრობ აპრილის ბოლოსთვის ყველაფერი მზად იქნება”,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განათლების მინისტრმა სასკოლო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზეც ისაუბრა. სანიკიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის კობა სუბელიანის ინიციატივაზე პირველკლასელთა ასაკის განსხვავებული წესით განსაზღვრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულზე პარლამენტმა კიდევ უნდა იმსჯელოს.
„მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი კიდევ იმსჯელებს ამ თემაზე. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად ჩავა სიღრმეებში და არ იქნება ზედაპირული დამოკიდებულება. ეს შეცდომა წინა ხელისუფლებამ უკვე დაუშვა და რა თქმა უნდა არ ვაპირებ გამეორებას. ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს მოსწავლეთა სწავლის დონის შედეგებზე. ამიტომ, ის ნაბიჯი, რაც გადავდგით, მე რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ და თუ საჭირო იქნება ჩავალ სიღრმეებში, ნებისმიერს დავანახებ იმ საშიშრობას, რომელიც ასეთ შედეგებს ახლავს”,- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, „სკოლამდელი აღზრდის პროგრამა“ აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშემწყობი იქნება.
„ეს არის პრობლემის გადაჭრის გზა. პროგრამა ხელს შეუწყობს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები მომზადებულები შეხვდნენ სასკოლო პროგრამას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ კვირიდან შევთავაზოთ ინიციატივა.“
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად განათლების სამინისტროს მტკიცე პოზიციისა სასკოლო ასაკის 6 წელზე ქვევით არდაწევასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება და 6 წელი სასწავლო წლის დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ
Комментариев нет:
Отправить комментарий